ქართული English
ნარკოტიკების ფლობა ევროპის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დეკრიმინალიზებული და მდგომარეობა ორივეგან გაუარესდა

ნარკოტიკების ფლობა ევროპის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დეკრიმინალიზებული და მდგომარეობა ორივეგან გაუარესდა

ქართულ მედიის დიდი ნაწილის და “გირჩის”, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” და სხვა არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ბოლო ხანებში აქტიურად წარმოებული ცრუ პროპაგანდის შედეგად საზოგადოებაში შეიქმნა მცდარი წარმოდგენა, თითქოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ევროპაში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და რომ დეკრიმინალიზაციის შედეგად მცირდება ნარკოტიკების მომხმარებლების და მოხმარებისგან გარდაცვლილთა რაოდენობა.

მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს, ერვოპაში ნარკოტიკების ფლობა დეკრიმინალიზებულია მხოლოდ ორ ქვეყანაში, პორტუგალიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში და ამ სფეროში ევროკავშირის პასუხისმგებელი ორგანოს, ნარკოტიკებზე და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მონაცემების თანახმად, დეკრიმინალიზაციის შემდეგ მდგომარეობა ორივეგან მკაფიოდ გაუარესდა.

და ეს გაუარესება სახეზეა იმის მიუხედავად, რომ ორივე ქვეყანაში უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო სარეაბილიტაციო ქსელების ჩამოყალიბებაში, ზიანის შემცირების ღონისძიებების დანერგვაში, ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში და ნარკოტიკებით ვაჭრობის საწინააღმდეგო საპოლიციო კონტროლის გაძლიერებაში.

ამ სფეროში ამ მასშტაბის ინვესტიციების ჩადების საშუალება საქართველოს ნამდვილად არ აქვს, ამიტომ, ნარკოტიკების ფლობის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში საქართველოში, ცხადია, ბევრად მძიმე ტენდენციაა მოსალოდნელი.

27 აპრილს პარლამენტში ამ თემაზე ძალიან კარგი ანგარიში წარმოადგინა ექიმმა-ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა.

ანგარიშის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გიორგი კანდელაკი
ექიმი-ინფექციონისტი
ადიუნქტ პროფესორი – ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, ატლანტა, აშშ

ნარკოდეკრიმინალიაზიის შედეგების ანალიზი პორტუგალიისა და ჩეხეთის მაგალითზე

საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელებულია უსაფუძვლო და არასწორი აზრი, თითქოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არის ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა მთელს ევროპაში და დეკრიმინალიზაცია დადებითად აისახება საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის ამ მეტად საჭირბოროტო პრობლემის მოგვარების ტენდენციებზე. იმისათვის რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს დეკრიმინალიზაციაზე და ჩვენს ქვეყანაში მისი განხორციელების შემთხვევაში მის პოტენციურ შედეგებზე, განვიხილოთ ევროპული გამოცდილება ამ კუთხით.

ნარკოტიკებზე და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე ევროპული მონიტორინგის ცენტრი European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction (EMCDDA), რომელიც წარმოადგენს ამ სფეროში ევროკავშირის პასუხისმგებელ ორგანოს, იყენებს ხუთ
მთავარ ეპიდემიოლოგიურ ინდიკატორს ნარკოტიკებისა და მათზე დამოკიდებულების შეფასების, ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური ანალიზის მიზნით. ეს ინდიკატორებია: 1. ნარკოტიკული პრეპარატების მოხმარების გავრცელება მოსახლეობაში 2. მაღალი რისკის ნარკოტიკების (ე.წ. პრობლემური ნარკოტიკების) მოხმარების გავრცელება 3. მომხმარებელთა მიერ სამკურნალო სარეაბილიტაციო სერვისებზე მოთხოვნა 4. ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 5. ნარკოტიკების მოხმარებასთან ასოცირებული
ინფექციური დაავადებების გავრცელება.

ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, ვნახოთ თუ როგორი შედეგები იქნა მიღწეული ჩეხეთსა და პორტუგალიაში განხორციელებული ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შედეგად. გასათვალისწინებელია, რომ ორივე ქვეყანაში უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო სარეაბილიტაციო ქსელის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში და სხვადასხვა ზიანის შემცირების ღონისძიებების დანერგვაში. ამას გარდა მიმდინარეობდა ძალზე ფართო, მუდმივმოქმედი ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანია. გაძლიერდა ნარკოტიკებით ვაჭრობის საწინააღმდეგო საპოლიციო კონტროლი. ყველა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიება, გარდა დეკრიმინალიზაციისა, დამოუკიდებლად ცნობილია და აღიარებულია, რომ იწვევს როგორც ზოგადად ნარკომოხმარების, ასევე მაღალი რისკის ტიპის მოხმარების და ნარკომოხმარებასთან ასოცირებული ინფექციური დაავადებების გავრცელების შემცირებას.

ჩეხეთში ნარკოტიკული საშუალების, მცირე რაოდენობით ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია განხორციელდა 2010 წელს. მიღებული შედეგების ანალიზის მიზნით, გადავხედოთ EMCDDA-ის 2017 წლის სტატისტიკურ ბიულეტენს.

დეკრიმინალიზაციის მომდევნო წლებში სტატისტიკა მკვეთრად არასახარბიელოა. მაგალითისათვის გავიხილოთ ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით, ერთერთ ყველაზე საინტერესო და ამ მხრივ ყველაზე მოწყვლად ასაკობრივი ჯგუფში, 15-24 წლის ახალაგაზრდებში, გასული წლის განმავლობაში მომხმარებელთა პრევალენტობის (last year prevalence), ანუ შედარებით აქტიურ მომხმარებლთა პრევალენტობის დინამიკა 2010-2015 წლებში (2016 და 2017 წლების მონაცემებს უახლესი, 2017 წლის ბიულეტენი ჯერ არ იძლევა).

1. ამფეტამინის მოხმარება 0.4%-დან (2010 წ.) გაიზარდა 4.8 %-მდე (2015 წ.) ანუ 1100 %-ით
2. კანაფის მოხმარება გაიზარდა 22.4%-დან (2010 წ.) 27.4% -მდე (2015 წ.) ანუ18 %-ით
3. ექსტაზის გამოყენებამ იმატა მკვეთრად 2.6%-დან (2010 წ.) 6.6 %-მდე (2015 წ.) ანუ ორნახევარჯერ გაიზარდა.

4. მკვეთრი მატებაა უშუალოდ დეკრიმინალიზაციის მომდევნო წლებში LSD-ს და კოკაინის მოხმარებაშიც:

ახლა უფრო ფართო სურათს შევავლოთ თვალი და ვნახოთ როგორია სიცოცხლის განმავლობაში ნარკომოხმარების პრევალენტობის ტენდენციები (Lifetime prevalence) 15-64 წლის ასაკის მოსახლეობაში. საერთო ზრდის ტენდენციები იგივე რჩება, გარდა მეტნაკლებად სტაბილური სიტუაციისა კანაფის მოხმარებაში, ყველგან მნიშვნელოვანი ზრდის თრენდია (კოკაინი, ამფეტამინი, ექსტაზი):

გადავხედოთ ამ მხრივ პროტუგალიის გამოცდილებას. პორტუგალიაში ნარკომოხმარების და მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობის დეკრიმინალიზაცია განხორციელდა 2001 წელს. გადავხედოთ დეკრიმინალიზაციის ეფექტს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კუთხით. მივმართოთ European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction (EMCDDA)-ის 2008 წლის სტატისტიკურ ბიულეტენს.

1. 2001-დან 2007 წლამდე კანაფის მოხმარება პორტუგალიელ ახალგაზრდებში (15-34 წ.) გაიზარდა 6.3-დან 6.7 პროცენტამდე.
2. ამფეტამინის მოხმარება 2001-დან 2007 წლამდე გაიზარდა 0.1 -დან 0.4 პროცენტამდე.
3. 2001-დან 2007 წლამდე ექსტაზის მოხმარება გაიზარდა 0.8 -დან 0.9 პროცენტამდე.

ახლა ვნახოთ რა ეფექტი ჰქონდა დეკრიმინალიზაციას პორტუგალიელ სკოლის მოსწავლეებში. ამისათვის მივმართოთ The European School Survey Project on Alcohol and Other Drugs (ESPAD)-ის მონაცემებს, ორგანიზაციას რომელსაც ევროკავშირში აკისრია ნარკომოხმარების სტატისტიკის წარმოება სკოლის მოსწავლეებში. გადავხედოთ “ESPAD 2015 Report”-ს.

თუკი კანაფის მოხმარების პრევალენტობა 13 წლამდე ასაკის პორტუგალიელ მოსწავლეებში 1999 წელს იყო 2%, დეკრიმინალიზაციიდან სულ რაღაც 2 წელიწადში 2003 წელს უკვე აღწევს 4%!

1999 წელს, სკოლის მოსწავლეებში, მარიხუანას და ჰაშიშის გარდა, ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალების ჯამური მოხმარების გავრცელება იყო 6%, 2003-ში უკვე გვაქვს გვაქვს 7%, ხოლო 2011-ში კი 8%.

ახლა ჩეხეთის მაგალითზე განვიხილოთ, აქვს თუ არა დეკრიმინალიზაციას დადებითი ეფექტები EMCDDA-ის მიერ მოწოდებულ, ოთხ სხვა მთავარ ეპიდემიოლოგიურ ინდიკატორზე.

1. როგორია დეკრიმინალიზაციის შემდეგ მაღალი რისკის ნარკოტიკების (ე.წ. პრობლემური ნარკოტიკების) მოხმარების გავრცელება (EMCDDA-ს დეფინიციით, მაღალი რისკის ნარკოტიკების მოხმარებაში იგულისხმება ნებისმიერი საინექციო ნარკოტიკების გამოყენება ან რეგულარული მოხმარება ოპიოიდების, კოკაინის ან ამფეტამინის): ჩეხეთში 2010 წლის დეკრიმინალიზაციის შემდეგ პრობლემური პრეპარატების გამოყენებაში აღინიშნება მზარდი დინამიკა – ჯამურად მთელ პოპულაციაში 2010-2015 წლებში ოპიოიდების გამოყენებამ (ყოველ 1000 მოსახლეზე გათვლით) იმატა 1.48-დან 1.81-მდე; საინექციო პრეპარატების გამოყენებამ იმატა 5.03-დან 6.25-მდე. მთლიანობაში პრობლემური პრეპარატების გამოყენებამ იმატა 5.3-დან 6.68 -მდე.

2. ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით სიკვდილიანობამ მკვეთრად იმატა: თუ 2010 დეკრიმინალიზაციის წელს იყო 29 (ყოველ მილიონ მოსახლეზე გათვლით), დეკრიმინალიზაციის შემდგომ არის მყარად მზარდი ტენდენცია და 2015-ში უკვე იღუპება 53! ანუ, თითქმის გაორმაგდა ინტოქსიკაციით სიკვდილიანობა.

3. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ინვესტიციები ჩაიდო სარეაბილიტაციო ქსელის განვითარებაში, და მოსახლეობის ანტინარკოტიკულ განათლებაში, სარეაბილიტაციო ცენტრებში ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სამკურნალოდ
მიმართვიანობა შემცირდა: თუ 2010 წელს მიმართვიანობა ოპიოიდებზე დამოკიდებული პაციენტებისა იყო 1950, 2014 -ში უკვე არის მხოლოდ 1720. უშუალოდ ჰეროინდამოკიდებულების მიმართვიანობა შემცირდა 1333-დან 818-მდე. ამფეტამინის შემთხვევაში იყო 5324 მიმართვა 2010 წელს, 2013 წელს მხოლოდ – 5, 2014-ში კი 19 მხოლოდ!

4. რაც შეეხება მოხმარებასთან დაკავშირებულ ინფექციურ დაავადებებს: ნარკოდამოკიდებულთა შორის C ჰეპატიტის გავრცელებაში აღინიშნება როგორც საერთო რაოდენობის ზრდა (თუ 2010 წელს იყო 13.62 %, მეორე წელსვე მნიშვნელოვნად იზრდება და აღწევს 18.19%-ს, 2014-ში ფიქსირდება
15.74%) ასევე ზრდა გვაქვს ახალ შემთხვევებშიც (2010-2014 წლებში გაიზარდა 6.15 %-დან 7.95 % -მდე). იგივე ტენდენციები, თუმცა ნაკლებად გამოხატული, აღინიშნება აივ ინფექციის პრევალენტობის მატების თვალსაზრისითაც.

აღსანიშნავია რომ, ინფექციური დაავადებების მზარდი ტენდენცია აღინიშნება იმ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ ბოლო 15 წლის განმავლობაში აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის მკურნალობის კუთხით მიღწეულია ეპოქალური წინსვლა, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ძალზედ ეფექტური
ანტივირუსული საშუალებანი, ხოლო მეორეს მხრივ მოხდა აქცენტირება ზიანის შემცირების პროგრამებზე. ყოველივე ეს კი საყოველთაოდ ცნობილია, რომ იწვევს პოპულაციაში დაავადების ახალი შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ამის მიუხედავად დეკრიმინალიზაციის შემდეგ აღინიშნება
ნარკომომხმარებელთა შორის ამ ინფექციების ზრდის ტენდენცია.

მოდით ახლა შევაფასოთ თუ როგორია ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ ცოდნის გარემო, მოხმარების კუთხით განათლების დონე საქართველოს მოქალაქეებში, იმ საზოგადოებაში სადაც იგეგმება დეკრიმინალიზაციის
იმპლემენტაცია. ამისათვის მივმართოთ ESPAD/EMCDDA-ს სტატისტიკურ მონაცემებს.

არსებული სიტუაცია სავალალოა: საქართველოს მოსწავლეთა და სტუდენტთა მხოლოდ 58 % – მა იცის რომ ამფეტამინის რეგულარულად გამოყენება ზიანის მომტანია მათთვის, ხოლო სულ რაღაც 35% – მა იცის რომ ამფეტამინის პერიოდული
გამოყენება მავნებელია (EMCDDA დეფინიციით ამფეტამინი შედის მძიმე, განსაკუთრებით პრობლემატურ ნარკოტიკების სიაში). 40% ფიქრობს რომ მარიხუანას რეგულარული მოხმარება მათ ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს, და მხოლოდ 30% აღიქვამს პერიოდულად მარიხუანას მოწევას მათი ჯანმრთელობისათვის პოტენციურ საშიშროებად. მხოლოდ გამოკითხულთა 26% და 57% ფიქრობს , რომ მათვის საზიანო შეიძლება იყოს ექსტაზის პერიოდული და რეგულარული მოხმარება. ნარკოტიკების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმირებულობის თვალსაზრისით, საქართველო ევროპაში პრაქტიკულად ბოლო ადგილასაა, რაც განსაკუთრებულად მოწყვლად გარემოს ქმნის ჩვენთვის დეკრიმინალიზაციის უარყოფითი ეფექტების თვალსაზრისით.

გასათვალისწინებელია და საყურადღებოა ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. ნარკოტიკების მოხმარებაზე და მცირე რაოდენობით ფლობაზე დეკრიმინალიზაცია მთელს ევროპაში განხორციელებულია მხოლოდ ორად ორ სახელმწიფოში – პორტუგალიაში და ჩეხეთში, და თუ რა სავალალო შედეგები გამოიღო ამან, ამაზე ზემოთ გვქონდა საუბარი. ნიდერლანდებში მხოლოდ მცირე რაოდენობით მარიხუანას ფლობაა დეკრიმინალიზირებული. ყველა სხვა ევროპის სახელმწიფოში არის სხვადასხვა სიმძიმის სასჯელები, მათ შორის ხანგრძლივი პატიმრობის შესაძლებლობაც ნებისმიერი რაოდენობის, მათ შორის ძალზე მცირე რაოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით, ფლობის შემთხვევაშიც კი. სახელმწიფოთა ნაწილში მოხმარებაც დასჯადია, სხვა ქვეყნებში უშუალოდ მოხმარება არ ისჯება, მაგრამ ისჯება ფლობა, რაც ნიშნავს რომ ადამიანი არ ისჯება იმ შემთხვევაში თუ მას სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა თუ მისი დაკავება მოხდა მოხმარების მომენტში, ის მაინც ისჯება ფლობისათვის. მაგალითისათვის მოგიყვანთ დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და გერმანიის კანონმდებლობას:

1. დიდი ბრიტანეთი – ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი რაოდენობით ფლობა, გავრცელება/გასაღების გარეშე, ითვლება დანაშაულად. ჰეროინის, კოკაინის და სხვ. (A კატეგორია) მინიმალური ფლობისათვის გათვალისწინებულია 6 თვემდე პატიმრობა და/ან ჯარიმა, ზოგ შემთხვევაში სასჯელმა შესაძლოა მიაღწიოს 7 წლიან პატიმრობას. კანაფის, ამფეტამინის და სხვ. (B კატეგორია) შემთხვევაში 3 თვემდე პატიმრობა და/ან ჯარიმა, ზოგიერთ შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა. C კატეგორიის პრეპარატებისათვის – ბარბიტურატები და სხვა – განსაზღვრულია 3 თვემდე პატიმრობა და/ან ჯარიმა, ზოგიერთ შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა. 2014 წლის სტატისტიკით, 128260 დაფიქსირებული დანაშაულიდან 65% მოდის მოხმარება/ფლობაზე, 23% გავრცელებაზე, 12 % – სხვა ტიპის დანაშაულზე.

2. შვედეთი – ნარკოტიკული საშუალებების როგორც მოხმარება ისე ფლობა ითვლება კრიმინალურ დანაშაულად, მათგან მსუბუქ შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმიდან – 6 თვემდე პატიმრობამდე, საშუალო სიმძიმის შემთხვევაში – 3 წლამდე პატიმრობა, ხოლო მძიმე შემთხვევებისათვის – 7 წლამდე პატიმრობა, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში (მაგრამ მაინც მოხმარება/ფლობა იგულისხმება და არა გავრცელება) – 10 წლამდე პატიმრობა! 2015 წლის სტატისტიკით 94035 აღრიცხული დანაშაულიდან 90% არის მხოლოდ გამოყენებისათვის ან ფლობისათვის.

3. გერმანია – ნებისმიერი რაოდენობის ფლობა ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, და ითვალისწინებს მაქსიმუმ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა გერმანიაში უმეტეს შემთხვევებში, გამოიყენება მსუბუქი სასჯელები, პოლიციის ან მოსამართლის პირადი დისკრეციით. 2015 წელს აღრიცხული 292227 ნარკოდანაშაულის 78% მოდის სწორედ ნებისმიერი რაოდენობით ფლობაზე (გავრცელების გარეშე).

რამდენად სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს არსებული სტატისტიკური მასალა? ხომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს „reporting-ის“ ცდომილებასთან, ანუ ხომ არ არის გაზრდილი მონაცემები იმის ხარჯზე, რომ გამოკითხულები უფრო თამამად
პასუხობენ ნარკომოხმარებასთან დაკავშირებულ კითხვებს?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ EMCDDA-ს სტატისტიკურ მეთოდებში აღნიშნული საკითხი, ისევე როგორც სხვა პოტენციური ცდომილების შესაძლებლობები გათვალისწინებულია და გარკვეულ პარამეტრებში
კორეგირებულია. გარდა ამისა „reporting“-ით გამოწვეული ცდომილება შეიძლება იყოს პირველ, მაქსიმუმ მეორე წელს, ხოლო არსებული სტატისტიკის მიხედვით მოხმარების და სხვა პარამეტრების კუთხით აღინიშნება არა ნახტომისებური ზრდა
უშუალოდ დეკრიმინალიზაციის მომდევნო პირველ და მეორე წელს, არამედ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი ტენდენცია. ამასთანავე არსებული მონაცემები, სრულ თანხვედრაშია ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილიანობის და ინფექციური დაავადებების ზრდის ტენდენციებთანაც. თუმცა ყველაზე ცალსახა და უტყუარი მტკიცებულებაა საკანალიზაციო წყლებში არსებული ნარკოტიკული
საშუალებების კონცენტრაციის განსაზღვრა წლების მიხედვით. ქვემოთ მოყვანილ ოთხივე გრაფიკებზე ცალსახად აღინიშნება ჩეხეთში, საკანალიზაციო წყლებში, ყველა ნარკოტიკული საშუალების კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა:

რამდენად შეიძლება ჩეხეთში დეკრიმინალიზაციის შემდგომ წლებში ნანახი მოხმარების ზრდა, გამოწვეული იყოს საერთო ევროპული ტენდენციებით? თუ გადავხედავთ EMCDDA-ს სტატისტიკურ ბიულეტენს, შესაბამის პოპულაციაში იმავე წლებში, ძირითადად აღინიშნება ან კლებადი, ან სტაბილური დინამიკა, იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითებად მოგვყავს მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთაც გააჩნიათ 2010-2016 წლებში სამი ან მეტი წლის მონაცემი, და შესაბამისად
შესაძლებელია ტენდენციების განსაზღვრა):

ამ მონაცემების ანალიზით, ცალსახად ჩანს რომ დეკრიმინალიზაცია ერთმნიშვნელოვნად, ზრდის სხვადასხვა სპექტრის ნარკოტიკების (მაღალი რისკის ნარკოტიკების ჩათვლით) მოხმარების ტენდენციებს, მათ შორის განსაკუთრებით მოსახლეობის ისეთ პრინციპიალურად მნიშვნელოვან სეგმენტშიც, როგორიცაა სკოლის ასაკის ბავშვები. დეკრიმინალიზაცია ასევე მკვეთრად უარყოფითი
ტენდენციებით აისახება ყველა ძირითადი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელის კუთხით. ეპიდემიოლოგიური ანალიზი აშკარად აჩვენებს რომ არანაირი დადებითი შედეგის მოლოდინი, იმ შემთხვევაში თუ დეკრიმინალიზაცია განხორციელდება
საქართველოში არ უნდა გვქონდეს. რეფორმამ რომელმაც არ გაამართლა სხვა, ეკონომიკურად და განათლების დონით ჩვენზე განვითარებულ ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიღებს ჩვენთან. ისმის კითხვა, რა მიზანს
ემსახურება ნარკოდეკრიმინალიზაცია საქართველოში? თუ საკითხი ეხება ზედმეტად მკაცრ და არაჰუმანურ სასჯელებს, მაშინ უნდა ვისაუბროთ მათი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ და არა სასჯელის
საერთოდ გაუქმებაზე. ასევე სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა განხორციელდეს საქართველოში ასეთი რადიკალური რეფორმა, როდესაც ევროპის ქვეყნების სრულ უმრავლესობაში, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, მითუმეტეს მაშინ რაც უკვე
ცნობილია სხვა ქვეყნებში ანალოგიური რეფორმის უარყოფითი შედეგების შესახებ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს არსებულ საფრთხეებს და უარს იტყვის აღნიშნულ ცვლილებებზე.”

 

წყარო: alt-info.com

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*