ქართული English
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ დასკვნა დაამტკიცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ დასკვნა დაამტკიცა

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია 7 მარტს შეიქმნა და რეგლამენტით განსაზღვრულ სამ თვეში დაასრულა მუშაობა.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ ჩაატარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რომელიც მოიცავს ანგარიშს ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგების, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ, ანგარიშგებას წმინდა აქტივებში/კაპიტალში ცვლილებების შესახებ, ბიუჯეტის და ფაქტიური თანხების შედარების ანგარიშს და აგრეთვე მათთან დაკავშირებულ დანართებს.

დროებითმა კომისიამ, უფლებამოსილების ფარგლებში, მოწვეული სპეციალისტებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიერ ჩატარებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. შედეგად გაცემულია:

  • დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე, ფინანსური ანგარიშგების ახსნა- განმარტებებით;
  • დასკვნა შესაბამისობის აუდიტზე;
  • ასევე შედგენილია ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციების შემოწმების შედეგებზე.

სამუშაო ჯგუფის წევრმა გელა მღებრიშვილმა სხდომის მონაწილეებს გაწეული საქმიანობის, ასევე წინა დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების და ახალი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, წინა კომისიამ გასცა სულ რვა რეკომენდაცია, რომელთაგან ძირითადად ყველა შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა ერთი რეკომენდაცია – კრედიტორული და დებიტორული დავალიანების ჩამოწერის შესახებ. მომხსენებლის განცხადებით, ჩამოწერილია ყველა დავალიანება, გარდა სახელფასო ნაწილისა, და შესაბამისად ეს საკითხი ახალ რეკომენდაციაშიც აისახა – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინოს.

დროებითმა კომისიამ შემოწმების შედეგად გამოავლინა შეუსაბამობები სახელმწიფო შესყიდვებში და სხვა მოკლევადიან კრედიტორულ დავალიანებებში. თუმცა, როგორც სხდომაზე აღინიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობაში არსებითი ხასიათის შეცდომები არ ყოფილა, ასევე ხარვეზები და დარღვევები კანონმდებლობასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ფინანსური ანგარიშგება არის ნორმალური, შეესაბამება კანონმდებლობას და თანამედროვე სტანდარტებს, მართალია არის უმნიშვნელო ხარვეზები, მაგრამ ისინი აუცილებლად გამოსწორდება და ამის სამაგალითოდ შარშანდელი, საკმაოდ რთული რეკომენდაციების შესრულებაც გამოდგება.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის დასკვნა მიღებულ იქნას კონსენსუსით, რადგან ყველა ქვეყანაში, როგორც წესი აუდიტთან მიმართებაში ცდილობენ, რომ ეს საკითხი რაიმე პოლიტიკურ თემას არ დაუკავშირდეს. „არსებულ ფორმატში ეს არის ჩვენი ბოლო სხდომა. ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც უკვე წარმოდგენილია, აღარ ითვალისწინებს ასეთი კომისიის შექმნას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კონკურსის შედეგად შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტი შეამოწმებს, რათა ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოება გამოირიცხოს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

დასასრულ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ კენჭისყრის შედეგად, დასკვნას ერთხმად დაუჭირა მხარი. კომისიის დასკვნა პარლამენტს წარედგინება.
სხდომას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, მისი მოადგილეები

წყარო: parliament.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*