ქართული English
“სალომე ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – ზვიად ძიძიგური

“სალომე ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – ზვიად ძიძიგური

პარლამენტი წევრი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, მისი თქმით, არის მებრძოლი სულის ადამიანი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა და იქნება ღირსეული პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი, 2007-2008 წლებში ის “გაერთიანებული ოპოზიციის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, 28 ოქტომბრის არჩევნებში მთავარი თემა არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ თუ არ იქნება ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული, ამაში ტრაგედია არ არის, უფრო მეტიც, ეს დემოკრატიის მეტი ხარისხის მაჩვენებელია.

მისივე ინფორმაციით, მმართველ გუნდში რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა ამ საკითხზე კონსულტაციები. გადაწყვეტილება არც დღეს შეცვლილა.

“დიდხანს მიდიოდა კონსულტაციები მმართველ გუნდში დაესახელებინა თუ არა “ქართულ ოცნებას” თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი.  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატები ძალიან ბევრნი არიან, გუშინ მოვიკითხე და 35-ზე მეტია უკვე დარეგისტრირებული და ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. პარტია “კონსერვატორები” ვართ  “ქართული ოცნების” პარტნიორი პარტია და დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ზურაბიშვილს, ის იყო ჩვენი თანამებრძოლი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი “გაერთიანებული ოპოზიციის” პერიოდში, როდესაც მთელი ოპოზიციური პარტიები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით​ის მებრძოლი სულის ადამიანია და არასდროს დაუხევია უკან ყველაზე მწვავე პრობლემების წინაშეც კი. ის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა და ყოველთვის ასეთი იყო. დარწმუნებული ვარ ის დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს ნებისმიერი სტატუსით”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ზვიად ძიძიგურის თქმით, მარგველაშვილის ფაქტორს არ მოუხდენია გავლენა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე.

“მმართველი პარტიის მხარდაჭერა არჩევნებში არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი, ეს უბრალო ამბავი ნამდვილად არ არის. ამ პირობებში ზურაბიშვილი პირდაპირ ხდება ფავორიტი. დიდი ალბათობით ეს არჩევნები მმართველი გუნდის მხარდაჭერით დამთავრდება”, – მიაჩნია ზვიად ძიძიგურს.

წარო: mcm.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*