ქართული English
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს პერსონალის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის შესახებ აუდიტის ანგარიშზე იმსჯელა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს პერსონალის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის შესახებ აუდიტის ანგარიშზე იმსჯელა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს „საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“, ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, 2017 წელი, მიმდინარე ნომერი 10/36.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პაატა კვიჟინაძისინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პერსონალის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი. „აუდიტის მიზანი იყო, შეესწავლა, როგორი იყო ამ ღონისძიებების ეფექტიანობა, როგორ მუშაობდა აღნიშნული უწყება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, სოფო დვალიშვილის განმარტებით, აუდიტმა მოიცვა 2015, 2016 და 2017 წლების მიმდინარე ინფორმაცია აუდიტის ანგარიშის დასრულებამდე. მან დეპუტატებს სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო უზრუნველყოფის სქემა გააცნო. მისი თქმით, აუდიტმა გამოავლინა 4 ძირითადი სისტემური ნაკლოვანება. „პირველი ეს იყო სამინისტროს პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიანი და მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემა როგორც პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ასევე, შემდეგ დონეებზეც. მეორე, ეს იყო სადაზღვევო მომსახურების ღირებულების დადგენაში არსებული ხარვეზები. მესამე – სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ღონისძიებების მართვაში არსებული ნაკლოვანებები და მეოთხე – ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზები“ , – განაცხადა სოფო დვალიშვილმა.

მან დეტალურად მიმოიხილა სამედიცინო პუნქტებისა და ლაზარეთების, ასევე საბრძოლო ქვედანაყოფების სამედიცინო ქონებით აღჭურვის პრობლემა. მანვე წარმოადგინა თითოეული პრობლემის მოსაგვარებლად გაცემული ათამდე რეკომენდაცია.

სხდომაზე აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით განმატებები გააკეთა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა. როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია მიღებული რეკომენდაციების შესრულება.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*