ქართული English

ევროპელი კონსერვატორები საქართველოს ევრო ინტეგრაციის პროცესს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ

27-28 მარტს, სტრასბურგში, საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს მიერ ევრო ინტეგრაციის პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები შეაფასეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.

ევროპელმა კონსერვატორებმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მტკიცე გხარდაჭერა. ევროპელი კონსერვატორები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდ პროგრესს მიაღწია და რომელიც გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველომ ინტეგრაციის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია. საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანა არამარტო ევროპული კულტურის, ცივილიზაციის, და ისტორიის ნაწილია, არამედ ევროპული პოლიტიკური ოჯახის ნამდვილი კანდიდატია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი რეგიონებია. ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება”,- განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ, პოლონელმა დეპუტატმა, ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის წარმომადგენელმა.

საქართველოს და ევროკავშირის შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის წევრმა იან ზაჰრადილმა:

“ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონე ეკონომიკური ურთიერთობების, ვაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას, ვაფასებთ მის კარგ ეკონომიკურ გარემოს. ევროპული მხარე სრულად მზად  არის იმისათვის, რომ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს ეს ურთიერთობები.”

ევროპარლამენტარი, ასევე, ეხმიანება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს: “საქართველოს გეოგრაფიულად დიდი და “ძალიან არამეგობრული მეზობელი ჰყავს”, მისი ტერიტორიები ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით“.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მუშაობას დღეს დაასრულებს.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*