ქართული English
ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ

ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ

„9 აპრილი ისეთი დღე და ისეთი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა ჩვენთვის, რომ ცოტა ნაკლები პოლიტიკა თუ იქნება და მეტი პატივისცემა ჩვენი გმირების და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ, უკეთესი იქნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ეს ის შემთხვევაა, არ გამოხმაურებოდა, ამაზე გააკრიტიკებდნენ, გამოეხმაურა – ამაზე გააკრიტიკეს. მე ვფიქრობ, 9 აპრილი ისეთი დღე და ისეთი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა ჩვენთვის, რომ ცოტა ნაკლები პოლიტიკა თუ იქნება და მეტი პატივისცემა ჩვენი გმირების და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ, უკეთესი იქნება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

„30 წელმა გაირბინა, როგორც თვალის დახამხამებამ. ამ 30 წლის განმავლობაში ყველამ იცის, საქართველოში 9 აპრილს რა მოხდა. 9 აპრილს დაიღუპნენ ჩვენი გოგო-ბიჭები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. მართალია, მძიმე მსხვერპლის ფასად, მაგრამ ეს არის გამარჯვება, ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ. ეს არის ერის კონსოლიდაციის უპრეცედენტო მაგალითი, რომელიც 30 წლის წინ იყო. მე არ მახსოვს 9 აპრილს როგორც იყო შეკრული საქართველო, ისე შეკრული საქართველო შემდეგ. იმედი მაქვს, რომ კიდევ როდისმე იქნება“, – აღნიშნა ძიძიგურმა.

წყარო: reportiori.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*