ქართული English
ირაკლი კობახიძემ თბილისელებს ორბელიანის განახლებული მოედნის გახსნა მიულოცა

ირაკლი კობახიძემ თბილისელებს ორბელიანის განახლებული მოედნის გახსნა მიულოცა

„დღეს ის დღეა, როდესაც თბილისს და თითოეულ თბილისელს შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს. ვხედავთ, როგორ ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი და მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ეს დღე, უმშვენიერესი მოედანი და ქუჩები გვაჩუქა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს უმოკლეს დროში, წარმატებით შესრულებული მასშტაბური სამუშაოებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, ჩვენი მადლობა ეკუთვნის კახა კალაძეს, თბილისის მერს. მახსოვს, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, რაც კახა კალაძემ დაიკავა თბილისის მერის თანამდებობა, როგორი ენთუზიაზმით და სიყვარულით საუბრობდა ამ პროექტზე და ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რომ წელიწადნახევარში ასეთი მასშტაბის სამუშაოები შესრულდა. რომ არა სიყვარული, რომ არა სული და გული, ბუნებრივია, ეს ვერ მოხერხდებოდა. კახა კალაძე თითოეულ საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებს, ასეთი სიყვარულით აკეთებს და მას ეკუთვნის ჩვენი განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღდგენით სამუშაოებში იყო ჩართული და თბილისს და თბილისელებს დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.

„გუშინ აქ მოვედით და ვუყურებდით, როგორ მუშაობდნენ, როგორ წარიმართებოდა დღევანდელი სამზადისი. ამ საქმეში ასეულობით ადამიანი იყო ჩართული და თითოეული მათგანი თავის საქმეს ძალიან დიდი სიყვარულით აკეთებდა. თითოეულ მათგანს, მერიის თანამშრომლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში, ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ვუსურვო ჩვენს დედაქალაქს, რომ მისი თითოეული მოედანი, თითოეული ქუჩა ისე გალამაზებულიყოს, როგორიც ეს მოედანი და ეს ქუჩები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ,დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის საზეიმო კონცერტი გაიმართა.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*