ქართული English
რასაც „მრგვალი მაგიდა“ ითხოვდა 29 წლის წინათ, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ამდენი წლის შემდეგ

რასაც „მრგვალი მაგიდა“ ითხოვდა 29 წლის წინათ, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ამდენი წლის შემდეგ

„ორპოლუსიანი სისტემა მთავრდება პროპორციული არჩევნების შემოღების გზით“, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

 

„1990 წლის ზაფხულში იყო ძალიან სერიოზული აქცია, მიმდინარეობდა რკინიგზის პიკეტირების თანხლებით და მაშინ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ითხოვდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას. მაშინ ვერ მოხერხდა შეთანხმება, გადაწყდა შერეული სისტემა, ანუ ნახევარი იყო პროპორციული და ნახევარი იყო მაჟორიტარული. ამას წინათ ვხუმრობდით, რასაც „მრგვალი მაგიდა“ ითხოვდა 29 წლის წინათ, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელეს ამდენი წლის შემდეგ. მარტივ რამეს გეტყვით, ორპოლუსიანი სისტემა მთავრდება პროპორციული არჩევნების შემოღების გზით. გულწრფელად მიხარია ეს და ნამდვილად მინდა, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მონაწილეობა უნდა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, მივულოცო ეს მიღწევა, რომელიც არის ყველას მიღწევა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური მინდვრის დივერსიფიკაცია. პარლამენტში იქნება ათი, თორმეტი და მეტი პარტია. ათზე მეტი პარტია სრულ შესაძლებლობას ინარჩუნებს ასეთი სისტემის პირობებში, რომ მათ წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში.

 

„ახლა არჩევნებში ოცდაათამდე პარტია, შეიძლება უფრო მეტიც, მიიღებს მონაწილეობას და ყველა პარტია ერთმანეთის მაკონტროლირებელი იქნება. პირობითად, პატარა პარტიებს ერთი ასეთი პრობლემა ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი, რომელსაც მოსწონს ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი, არ მისცემს ხმას იმ ლიდერს იმიტომ, რომ იმედი არ აქვს, რომ ბარიერს გადალახავს და ამ ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში მისი ხმა იკარგება. კი არ იკარგება, მისი ხმა მისთვის შესაძლოა, სრულიად არასასურველ პარტიას მიაქვს.

 

ეს რეალობა შეიცვლება. დამთავრდება ასეთი ტიპის დაძაბულობაც, რომელიც ორპოლუსიან სისტემას ახლავს და ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს და როდესაც პოლიტიკური კულტურის დონე მაღლდება, ამის შემდეგ ყველაფერი ავტომატურად ვითარდება. ეკონომიკაც უფრო სწრაფად ვითარდება და ამომრჩეველიც“, – აღნიშნა ძიძიგურმა.

 

ზვიად ძიძიგურმა 2013 წელი გაიხსენა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ, რომელსაც მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა, შეთავაზებულ იქნა პროპორციულ სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლა, რომ არჩევნები 2016 წელს – შერეულით, ხოლო 2020-ში პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოგვიცხადა, მაშინ გაყოფილი არ იყო ეს პარტია, რომ 2016-ში გადავალთ ან საერთოდ არ დავუჭერთ მხარსო, ჩვენ 2016-ში მოგიგებთ არჩევნებს და ჩვენ თვითონ შევცვლით მაგ სისტემასო. როგორც მოიგეს 2016-ში არჩევნები, ჩვენ ვნახეთ, მაგრამ ასეთი პროცესების ჩაშლა რომ მათ შეუძლიათ, ასეთი ტიპის პრაქტიკა ჩვენ გვაქვს.

 

ვუსმენდი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, მათი განცხადებებიც მოვისმინე, რომ ისინი დაუჭერენ მხარს და ეს არის სწორი პოლიტიკური მიდგომა. ვინაიდან უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც მაჟორიტარულ სისტემას უჭერენ მხარს, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მონაწილეობა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლისთვისაც ძალიან მაღალი კვორუმია საჭირო, განხორციელდეს. თუ ეს ცვლილება არ განხორციელდება, ამ შემთხვევაში, რომელი პოლიტიკური ძალაც გაიწევა გვერდზე, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

წყარო: reportiori.ge

 

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*