საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო: ანტიკორუფციული პოლიტიკა: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების რეკომენდაციები

შესავალი
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განცხადება ახალი ანტიკორუფციული საბჭოს დაარსების შესახებ. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო მისი ამოცანა მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაა.
ამ განცხადების საპასუხოდ `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ~ გადაწყვიტა გამოეკვლია სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების აზრი იმის შესახებ, თუ რა ზომების მიღებაა აუცილებელი ამა თუ იმ სფეროში კორუფციის დასაძლევად. `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ~ შეადგინა იმ სფეროების სია, სადაც კორუფცია არსებულ ან პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევა და თხოვნით მიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, წარედგინათ საკუთარი ხედვა, რჩევები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. ზოგადი მდგომარეობა და რეკომენდაციები მშვიდობის, განვითარების და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარის დავით აფრასიძის თქმით, საქართველოში დღესდღეობით კორუფციის შესახებ ორი საპირისპირო აზრი არსებობს. ერთნი ამტკიცებენ, რომ კორუფცია უმეტესწილად აღმოიფხვრა, ხოლო მეორენი კი ამბობენ, რომ მან უბრალოდ მთავრობის უფრო მაღალ დონეზე გადაინაცვლა, სადაც `ელიტარული კორუფცია~ ყვავის. აფრასიძემ აღნიშნა, რომ ორივე ხედვა გაზვიადებულია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას და დღეს რიგით მოქალაქეს უფრო იშვიათად აქვს შეხება კორუფციასთან ვიდრე წარსულში, ეს პროგრესი ინსტიტუციონალიზაციას საჭიროებს, ხოლო მიღწეული წარმატება ჯერაც არ არის შეუქცევადი.1
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა დავით ნარმანიამ `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან~ ინტერვიუში ბრძანა, რომ `ვარდების რევოლუციის~ შემდგომ კორუფციის ბუნება შეიცვალა. მისი თქმით, თუ ადრე კორუფცია მთავრობის ყველა დონეზე არსებობდა, დღეს ის პრაქტიკულად გაქრა ხელისუფლების ქვედა დონეებიდან და ამაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იმას, რომ თითქმის ყველა გადაწყვეტილება მმართველობის უმაღლეს დონეზე მიიღება. ამრიგად, ნარმანიას აზრით, კორუფციასთან დაკავშირებული საფრთხეებიც ზედა დონეზეა კონცენტრირებული.2
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ფიქრობს, რომ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავების შესახებ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ის გულისხმობს, რომ მთავრობამ კორუფციის პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის საჭიროება აღიარა. ჩხეიძემ აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის ძალისხმევა დღემდე ძირიდადად სისხლისსამართლებრივ დევნასა და დასჯაზე იყო ფოკუსირებული. მისი აზრით, ასეთი პოლიტიკა არ გამოიღებს სასურველ შედეგს თუ მის პარალელურად სისტემური ანალიზიც არ გაკეთდა.3
`თავისუფლების ინსტიტუტის~ წარმომადგენლმა ლევან რამიშვილმა `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან~ საუბრისას აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ სტრატეგიას პრობლემის გადაჭრის ეფექტურ საშუალებად არ მიიჩნევს. მისი აზრით, კორუფციასთან ბრძოლის მცდელობის ნაცვლად, ხელისუფლებამ უფრო პოზიტიურ მიდგომას უნდა მიმართოს და მეტი ყურადღება დაუთმოს ინსტიტუტების მშენებლობასა და კარგი მმართველობის მეთოდების დანერგვას. მან ასევე აღნიშნა, რომ სასარგებლო იქნებოდა სახელმწიფო სექტორში თავისუფალი ბაზრის პრინციპების დამკვიდრება. მისი თქმით, სახელმწიფოს ფუნქციები ზოგადად უნდა შემცირდეს, ხოლო თავისუფალი ბაზრისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი კი პირიქით - გაიზარდოს.4
საჯარო სამსახურის რეფორმა
`საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან~ ინტერვიუში მშვიდობის, განვითარების და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ დავით აფრასიძემ თქვა, რომ საჯარო სამსახურში თანამშრომლების აყვანის პროცესი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ინსტიტუციონალიზებული, ხოლო კლიენტელიზმის პრობლემა გადაუჭრელი რჩება. მან აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარება ქვეყანაში გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებელი პირობაა.5
`თავისუფლების ინსტიტუტის~ წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახური უნდა გარდაიქმნას მოქნილ, ანგარიშვალდებულ და შედეგზე ორიენტირებულ სისტემად. ამის მისაღწევად, უნდა მოხდეს ამ სამსახურის დეცენტრალიზაცია. ყველა სახელმწიფო უწყება თუ დეპარტამენტი უნდა სარგებლობდეს მაქსიმალური შესაძლებელი ავტონომიით თანამშრომლების შერჩევის მხრივ, ხოლო პოლიტიკური თანამდებობები მკაფიოდ უნდა იქნეს გამიჯნული ადმინისტრაციული თანამდებობებისგან. მინისტრები და მათი მოადგილეები არ უნდა მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვაში. ნაცვლად ამისა, ყველა სამინისტროს უნდა ყავდეს ერთი ან რამოდენიმე მთავარი ადმინისტრატორი, რომლებიც ამ საკითხებით იქნებიან დაკავებული. ამ ადმინისტრატორების შერჩევის პროცესი უნდა უზრუნველყოფდეს მათ დამოუკიდებლობას. რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ გარე რესურსები.6
ოპოზიციური კონსერვატული პარტიის წევრის კახა კუკავას თქმით, დღევანდელი საჯარო სამსახურის ზომა ძალზედ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი დიდი სისტემის ეფექტიანად მართვა შეუძლებელია. მისი აზრით, საჯარო სამსახურის ზოგიერთი რგოლი დამოუკიდებელ უწყებად უნდა გარდაიქმნას, ხოლო თავად ამ სამსახურში პოლიტიკური კომპონენტი პროფესიულისგან უნდა გაიმიჯნოს. მან ასევე თქვა, რომ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს, რათა მათი კარიერა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მომხდარ ცვლილებებზე დამოკიდებული არ იყოს.7
იხილეთ ვრცლად >>>












