Wall street journal :დიდი ბრიტანეთი საქართველოში სასამართლოს მიერ ქარხნის კონფისკაციისა და გაყიდვის საქმეს იძიებს
ბრიტანელი ჩინოვნიკები სწავლობენ ბრიტანული კომპანიის პრეტენზიებს, რომელსაც საქართველოში მისი კუთვნილი მეტალურგიული ქარხანა ამ ქვეყნის სასამართლომ ჩამოართვა და გაყიდა.
საქმე ეხება Thames Steel UK Ltd-ს დირექტორის თომას ბლეიკის საჩივარს, რომელსაც ქარხანა ქართულმა სასამართლომ ჩამოართვა. ბატონი ბლეიკის ფირმამ ქარხანა ბადრი პატარკაციშვილისგან, ქართველი მილიარდერისგან იყიდა. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მის აქტივებზე ბრძოლა დაიწყო.
დავამ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ მილიბენდის ყურადღება მიიპყრო, რომელიც ამ საკითხს საქართველოს მთავრობასთან აყენებს, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო ოფისის სპიკერმა. ხუთშაბათს (26 ნოემბერი), საგარეო ოფისის მაღალჩინოსანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს უნდა შეხვდეს, რომელიც ლონდონში ვიზიტით იმყოფება. ბატონი გილაური ლონდონში კონფერენციაზე იმყოფება, სადაც მან ბრიტანელი ინვესტორები საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის უნდა მოიზიდოს.
ბატონი ბლეიკი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულმა Thames Steel UK-მა ენერგეტიკული და ინდუსტრიული კომპლექსი, ქარხნის მმართველი კომპანია, ბადრი პატარკაციშვილის Global Steel Holdings-გან 2007 წლის სექტემბერში 70 მილიონ დოლარად შეიძინა.
პატარკაციშვილი 2007 წელს საქართველოდან საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, ამტკიცებდა რა რომ მთავრობა მის მოკვლას აპირებდა. მოგვიანებით, მან მონაწილეობა მიიღო (წარუმატებლად) 2008 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პატარკაციშვილი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
ბატონი პატარკაციშვილი, ბრიტანელი გამომძიებლის თქმით, გულის შეტევით გარდაიცვლა. მას შემდეგ, ერთ დროს ამ ყველაზე მდიდარი ადამიანის საკუთრება, დავის საგანია.
წარმოშობით ბრიტანელი ბლეიკი ამბობს, რომ სექტემბერში Thames Steel UK-მა ადგილობრივი გაზეთიდან შეიტყო, რომ კრედიტორისთვის ქარხნის გადაცემის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა. კრედიტორის სახელწოდება გახლდათ Kolkhis Business Corp. იმის გამო, რომ ბლეიკმა ამ ფირმაზე ვერანაირი ინფორმაციის მოძიება ვერ შეძლო, ის დარწმუნებულია რომ კომპანია აქტივის გაყიდვაზე განაცხადის წარდგენისთვის საგანგებოდ დაარეგისტრირეს.
ოქტომბერში, საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით Thames Steel-ის ქარხანა აუქციონზე გაიტანეს. იმის გამო, რომ ქარხნის შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, ის მოგვიანებით Kolkhis-ს გადასცეს, განაცხადა ბატონმა ბლეიკმა.
Kolkhis-ის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი გახდა, შესაბამისად ის მიუწვდომელია კომენტარისთვის.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ უპასუხა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს და სამთავრობო სააგენტო Invest in Georgia-მ კომენტარზე უარი თქვა.
”ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ პრობლემას და განვაგრძობთ მის განხილვას ოფიციალურ და მინისტრების დონეზე”, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერმა.
ხუთშაბათს ბატონი გილაური ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს (მინისტრს ევროპის საკითხებში) კრის ბრიანტს შეხვდება.
ბატონი გილაური ახლა ლონდონშია, საიდანაც ის სამ ქალაქში დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო პრეზენტაციების ტურს იწყებს. ლონდონის შემდეგ, პირველ დეკემბერს ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართება, ორი კვირის შემდეგ კი აბუ დაბიში. ამ ტურის ფარგლებში ”საქართველოს უნიკალური საინვესტიციო გარემოს” პრეზენტაცია გაიმართება, ის ბიზნესმენებს ”უცხოელი ინვესტორებისგან წარმატებული ისტორიების მოსმენის” შანსს მისცემს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის საინფორმაციო რელიზში.
დიდი ბრიტანეთი ევროპაში საქართველოს ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი იყო, როდესაც ამ ქვეყანაში 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია განხორციელდა. ბრიტანეთმა რუსეთი ომის გამო დაადანაშაულა, მაგრამ მოგვიანებით აღარ დაუჭირა მხარი აშშ-ს მოწოდებას გაერიცხათ ეს ქვეყანა, ისეთი ფორუმიდან, როგორიცაა ”დიდი რვიანი”.
საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა ომის და გლობალური კრიზისის გამო, ამიტომ ქართველებს ძალიან სურდათ ინვესტიციების მოზიდვა. ამ მოვლენებამდე, დასავლური ტიპის გარდაქმნები დაეხმარა საქართველოს ეკონომიკას ხუთ წელიწადში ორჯერ გაზრდილიყო, რადგან ქვეყანა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად აქტურად მუშაობდა, მან კორპორაციებისთვის დაბალი გადასახადი შემოიღო. ამან ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების გაზრდას 2 მილიარდ დოლარამდე 2007 წელს, როდესაც 2003 წელს მათი მოცულობა 336 მილიონი დოლარი იყო. ბრიტანული ნავთობ გიგანტი BP PLC ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოური ინვესტორია.











