humanrights.ge:ვახანიას საქმემ მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი, სერგეი კოვალიოვი გააოგნა

Print This Post Email This Post

ერთი წელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისათვის და სამი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის - ასეთია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის II ნაწილითა და 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი, რომელიც აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით კეკენაძე) მიმდინარე წლის 10 სექტემბერს მიუსაჯა. ვახანია სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 2009 წლის 17 მარტს დააკავეს. იგი ამჟამად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, უმძიმეს პირობებში იმყოფება.

„სასამართლო პროცესზე რომ მოიყვანეს, გამწვანებული და აშკარად გაბრუებული იყო. ეჭვი ვაქვს, რომ მას წამლავენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უკიდურესად მძიმეა. ჩვენ უნდობლობა გამოვუცხადეთ საპყრობილის ექიმებს და ციხეზე ჩვენს მიერ მიყვანილი ექიმის შეყვანა ვითხოვეთ, რაც სტრასბურგის სასამართლოს ჩარევამდე პრაქტიკულად ვერ შევძელით. სტრასბურგის შემდეგ, როგორც იქნა, ეს მოვახერხეთ. თუმცა, პატიმრის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, მას მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, შესაძლოა გულთან დაკავშირებით სერიოზული სირთულეები განუვითარდეს. ეს გარკვევითაა აღნიშნული სამედიცინო დასკვნაში. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სასამართლო პროცესზე წყალი მოითხოვა და არ მიაწოდეს. კაცი ლამის წაიქცა და მოკვდა“, - ამბობს ვლადიმერ ვახანიას ადვოკატი ლალი აფციაური.

პოლიტპატიმარი აკადემიკოსის ინტერესებს, ლალი აფციაურის გარდა, 5 ადვოკატი იცავს (გია ებრალიძე, ნუგზარ კვარაცხელია, ჯემალ შელია, ლილი გელაშვილი, კახა ლომაია). ამის მიუხედავად, ქართული სასამართლოს პირობებში, მისი უდანაშაულოდ ცნობა დღემდე ვერ მოხერხდა.

25 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი, მურთაზ კაპანაძე) დაცვის მხარის მიერ დაყენებული თითქმის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა განმარტეს, რომ მათთვის ეს მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან სამართლიანი სასამართლოს პრინციპი პირველი ინსტანციის სასამართლოშივე დაირღვა და ვერ დადგინდა თუ რა მოხდა სინამდვილეში მიმდინარე წლის მარტში ზუგდიდში.

რა მოხდა სინამდვილეში?

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სახლში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი ავტომატი და სხვა საბრძოლო იარაღი (ხელყუმბარები) აღმოაჩინეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ადგილობრივი (ზუგდიდი) გაზეთისთვის 2009 წლის 19 თებერვალს მიცემული ინტერვიუ, რომელშიც იგი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აღწერდა და აფასებდა და რომელიც შემდგომში მისი მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ბრალდების მოტივი გახდა. მანამდე კი, იყო პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების მცდელობა, რასაც ხელისუფლების მხრიდან იმთავითვე სერიოზული წინააღმდეგობები მოჰყვა.

დღეს ვლადიმერ ვახანიას ახლობლები იხსენებენ, როგორ აჩერებდნენ მის მანქანას (რომელსაც ნათესავი მართავდა) ზუგდიდში და კითხულობდნენ თუ სად იმყოფებოდა იგი. გარდა ამისა, მოსკოვში გამგზავრების წინ ვახანიას თბილისის აეროპორტში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, პირადობის დამადასტურებელი საბუთები ჩამოართვეს, რის შემდეგაც იგი ვერ გაფრინდა.

ვახანიას ახლობლები, ისევე როგორც მისი ადვოკატები, აცხადებენ, რომ დღეს იგი პოლიტპატიმარია და სასამართლო გამოძიებაც მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება. ხელისუფლების სურვილი მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოცილება იყო, რასაც სასამართლოს დახმარებით თავი ჩინებულად გაართვა და ამით საზოგადოების თვალში ვახანია სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა. საზოგადოებამ ტელევიზიით ნახა იარაღი, რომელსაც ვახანია ზუგდიდში, საკუთარ სახლში ინახავდა. ასევე, ბევრი ითქვა და დაიწერა მისი მხრიდან ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რასაც საქმეში გამოძიების ჩართვა და მალევე „სათანადო დასკვნა“ მოჰყვა - ვახანია დააკავეს.

მომხდარის შემდეგ საქართველოს ყველა ცენტრალურმა ტელეარხმა (ასევე, რეგიონალურმა მედიასაშუალებებმა) ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმის „ჯაშუშის სინდრომი“ გაშვებაზე უარი თქვეს. ფილმში, გამოძიებიდან განსხვავებით, ყურადღება ყველა დეტალზეა გამახვილებული. ვლადიმერ ვახანიას სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან ნათლად ჩანს, როგორ შედის მის სახლში ათობით და არა ორი პოლიციელი (როგორც ამას პროკურატურა აცხადებს) და იწყება თავდაყირა. რა თქმა უნდა, არის სხვა მომენტებიც, რომელიც ფილმისგან განსხვავებით, გამოძიებისთვის ზედმეტი აღმოჩნდა. მაგალითად, მოწმეების ჩვენებები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ შედიოდნენ ვახანიას სახლში, ქაღალდში გახვეული საგნებით (რომელიც მათი აზრით, იარაღი იყო) ხელდამშვენებული პოლიციელები და ჩხრეკას ყოველგვარი კანონის დარღვევით ახორციელებდნენ, რომ მათი დიდი ნაწილი ჭიშკართან დამდგარ პოლიციელთა რიგს არ ელოდებოდა და ღობიდან ძვრებოდა. ვახანიას სახლს პოლიციელების ცოცხალი რკალი თითქმის მთელი დღე ჰქონდა შემოვლებული, ქუჩაში გამვლელებს კი, სამართალდამცველები გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. „ცრუ ჩვენების“ მიცემისთვის დღემდე პატიმრობაშია ვახანიას ოჯახის ახლობელი ჯამბულ ჩიქოვანი.

მოგვიანებით ვლადიმერ ვახანიას ადვოკატებმა, სხვა შუამდგომლობებთან ერთად, აღნიშნული ფილმის საქმის მასალებში დართვა მოითხოვეს, რაზეც სასამართლომ, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის არქონის მოტივით, უარი განაცხადა…

humanrights.ge

Jan 11th, 2010

დატოვეთ კომენტარი

    ქართული კლავიატურა