Nationale Interests: თბილისური შარადა

Print This Post Email This Post

სენატორმა ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიიღო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს გამოხატა. ამ ძველ და სადაო კონფლიქტში სენატორმა მაკკეინმა საკუთარი თავი (საკუთარი პოლიტიკური წონის გათვალისწინებით კი მთელი შეერთებული შტატები) საქართველოს მეგობრად და პარტნიორად გამოაცხადა და ამ კონფლიქტს (რაც ძალიან ნიშანდობლივია) ”ცივი ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისი” უწოდა

ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა, რომ საქართველოს და შეერთებულ შტატებს მართლაც აკავშირებდეთ, როგორც ეს სენატორმა მაკკეინმა განაცხადა ”საერთო გამოწვევები, საერთო ინტერესები, ასევე პიროვნების თავისუფლების, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და ადამიანური ღირსების მხრივ საერთო დემოკრატიული ღირებულებები”, მაგრამ ეს ასე არ არის და საქართველოსთვის პირობის მიცემა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მის გვერდით იბრძოლებ და დაიცავ მის ტერიტორიულ მთლიანობას, საკმაოდ სარისკოა. ამან შეიძლება სერიოზულად ავნოს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს და ამერიკის კიდევ უფრო ფართო ინტერესებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანთან მოლაპარაკებების წარმოების, ტერორიზმთან ბრძოლის და ბირთვული შეიარაღების გავრცელების საქმეში. სენატორი მაკკეინი საქართველოს ცარიელ დაპირებებს აძლევს თუ მას მართლაც სჯერა, რომ შეერთებული შტატები გაერო-ს უშიშროების საბჭოში ირანის მიმართ გამკაცრებულ სანქციებს, რუსეთის ვეტო-ს გათვალისწინების გარეშე მიაღწევს?

სენატორი მზადაა ხელი გაიშვიროს ობამას ადმინისტრაციისკენ, დაადანაშაულოს ის, როგორც თავად აცხადებს, ირანის არჩევნებზე მოკრძალებულ რეაქციის გამო, იგი აკრიტიკებს ადმინისტრაციას თაღლით რეჟიმებთან რბილ დამოკიდებულებაში, მას ეჭვი არ ეპარება, რომ დემოკრატიის გავრცელება მასშტაბური საგარეო პოლიტიკური უპირატესობების მიღწევის მთავარი გასაღებია. ამიტომ, მაკკეინის შეხედულებები ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე, კიდევ უფრო გართულებულია იმ გარემოებით, რომ ეს შეხედულებები ეფუძნება სენატორის რწმენას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იზიარებს მის შეხედულებებს ადამიანის უფლებებზე. სამწუხაროდ, თუკი გავითვალისწინებთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტეს, ქვეყანაში ოპოზიციის დევნას, მედიის მკაცრ კონტროლს და სუსტად განვითარებულ ბიზნესის სფეროს, სჯობს მაკკეინმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ”თავისუფლების მოყვარე ხალხებისთვის შთაგონების მაგალითს” უწოდებს.

პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე, სენატორი მაკკეინი ქართული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდა, რომლებიც, უდაოდ შეეცადნენ, რომ სენატორისთვის საქართველოში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დაეხატათ. ამ ლიდერებიდან სამმა, რომლებიც მაკკეინს შეხვდნენ – დავით უსუფაშვილმა, გიორგი თარგამაძემ და ლევან გაჩეჩილაძემ – ხელი მოაწერეს გაერო-ს გენერალური მდივნის, პან გი მუნის სახელზე გაგზავნილ წერილს, რომელშიც მას დამდეგ მუნიციპალურ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნას სთხოვენ. ამ წერილს ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ ჯგუფებს და ინტერესებს წარმოადგენენ, თუმცა მათ უმრავლესობას პრო-ამერიკული და პრო-ალიანსური განწყობები აქვთ. ამ მიმართვაზე ხელმომწერთა შორისაა, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია, ასევე საქართველოს ”ლეიბორისტული პარტი”-ის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. აღსანიშნავია, რომ წერილში არაფერია ნათქვამი ”საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე”, რომლებზეც ჯილდოს მიღებისას სენატორი მაკკეინი საუბრობდა. ამის ნაცვლად, ავტორები წერენ, რომ დღეს საქართველოში ”ყვავის ერთმმართველობა”, ხოლო ”რეალური ხელისუფლება მთლიანად და აბსოლუტურად პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი”. გარდა ამისა, პეტიციაში არაფერია ნათქვამი არც მიხეილ სააკაშვილის მიერ პერსონალური სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის შესახებ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ამ თავისუფლებების დაცვის ნაცვლად ”ხელისუფლება მედიაზე კონტროლს ამკაცრებს”. უცხოელი დამკვირვებლები, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები საქართველოს არჩევნებში არსებული დარღვევების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კორუფციისა და სიტყვის და პრესის თავისუფლების არ არსებობის გამო აკრიტიკებენ.

საქართველოზე ზრუნვა ყველა მისი ნაკლისა და ხარვეზების მიუხედავად, შესაძლოა ეფექტურ საშუალებად იქცეს ამ სუსტი დემოკრატიის ისეთ პოზიციებზე ამოქაჩვისთვის, საიდანაც ის თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს უფრო სრულყოფილად განავითარებს და ევროკავშირის წევრობისა და შეერთებულ შტატებთან პრივილეგირებული ურთიერთობების იმედი გაუჩნდება, მაგრამ ასე მოქმედება მხოლოდ საქართველოს ნახევრადავტორიტარული პოლიტიკის გულწრფელი და ღია შეფასებით შეიძლება. სააკაშვილზე მორგების მცდელობას სახიფათო შედეგები მოჰყვება – ჩვენ დავკარგავთ დემოკრატიული იდეალებისთვის ნამდვილ მებრძოლთა და მხარდამჭერთა რეპუტაციას, ასევე რუსეთის მხარდაჭერას ირანის საკითხზე. ეს კი ძალიან მაღალი ფასია.

Nationale Interests

Jan 18th, 2010

დატოვეთ კომენტარი

    ქართული კლავიატურა