მოკლე ისტორია

conservativesსაქართველოს კონსერვატიული პარტია დაფუძნდა 2001 წელს, მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეთა დიდი ნაწილი, მ.შ. ზვიად ძიძიგური, რომელიც პარტიის პირველ თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ამ ორგანიზაციაში გაერთიანდა 80-იანი წლების ბოლოდან არსებული ბევრი სხვადასხვა პოლიტიური პარტია თუ დისიდენტური ჯგუფი.

კონსერვატიული პარტიის (თავდაპირველი სახელწოდება ”ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორები”) უმთავრესი ამოცანა შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟი და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება იყო. ხანმოკლე კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდა ბლოკი „დემოკრატიული ფრონტი“ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან” და რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, რომელმაც 2002 წლის თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ექსპერტების აღიარებით სააკაშვილის გამარჯვებაში ლომის წვლილი სწორედ კონსერვატორების მხარდამჭერებმა შეიტანეს: შევარდნაძის ხელისუფლებიდან ახლად გამიჯნულ სააკაშვილს ოპოზიციური ელექტორატი დიდი უნდობლობით უცქერდა, თუმცა მისმა გამოჩენამ ზვიად ძიძიგურთან და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

2003 წლის 2 ნოემბერს იგივე ბლოკმა გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ზვიად ძიძიგური ერთიან სიაში მე-4 ნომრად იწერებოდა, გაიმარჯვა ასევე სამტერდიის მაჟორიტარულ ოლქში. შევარდნაძის ხელისუფლების უარმა ეღიარებინა არჩევნების რეალური შედეგები, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ბლოკის კანდიდატმა - სააკაშვილმა მაღალი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

პირველი ბზარი მმართველ კოალიციაში 2004 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ გაჩნდა: სააკაშვილმა პრაქტიკულად დაშალა კოალიცია და მთელი პოლიტიკური ცენტრი უშიშროების საბჭოში გადაიტანა, სადაც ყველა გადაწყვეტილებას ადრე უცნობ პირებთან - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვნელებთან ერთად იღებდა. კოალიციის პროგრამით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების ნაცვლად სააკაშვილმა დაიწყო რუსულ-თურქმენული ტიპის კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება, დახურა დამოუკიდებელი ტელევიზიები, დაითხოვა თვითმართველობები და მთლიანად დაიქვემდებარა ბიზნესი. პროტესტის ნიშნად ზვიად ძიძიგურმა და კონსერვატიული პარტიის დეპუტაციამ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა.

2005 წელს ჩატარდა კონსერვატიული პარტიის მე-2 ყრილობა, პარტიამ პრაიმერული დემოკრატიის სისტემაზე გადასვლა გამოაცხადა. შიდა არჩვენების გზით პარტიის თავმჯდომარედ კობა დავითაშვილი იქნა არჩეული, თანათავმჯდომარედ - ზვიად ძიძიგური. კონსერვატიული პარტიის რეიტინგმა პიკს 2006 წლის გაზაფხულზე მიაღწია (15%), იმავე წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონსერვატორებმა (რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად ბლოკში) მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენეს (მმართველი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ) – 12%.

2007 წლის შემოდგომაზე პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლა. სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ნელ-ნელა ფაშისტიურ ტენდენციებს ამჟღვანებდა: ქუჩაში ოპოზიციის წარმომადგენლების და მხარდამჭერების გატაცებებმა და წამებამ, პოლიტიკურმა დაპატიმრებებმა ტენდეციის სახე მიიღო. კონსერვატიული პარტიის და რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტიების ინიციატივით შეიქმნა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო, რომელმაც თბილისში გრანდიოზული საპროტესტო აქციები დაიწყო. 2 ნოემბერს დედაქალაქში 100.000-ზე მეტი ადამიანი გამოხატავდა საკუთარ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ (მსგავსი მასშტაბის გამოსვლები 90-იანი წლების ანტიკომუნისტური აქციების შემდეგ არ დაფიქსირებულა). 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ სააკაშვილი გადადგა, თუმცა 2008 წლის 5 იანვრის გაყალბებული არჩევნების შედეგად მეორე ვადით კვლავ შეინარჩუნა ძალაუფლება.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია 2 ნაწილად გაიყო - მცირე ნაწილი მოისყიდა რა სააკაშვილის სპეც-სამსახურებმა - შეუერთდნენ არალეგიტიმურ პარლამენტს, ხოლო კონსერვატიულმა პარტიამ და სხვა გავლენიანმა ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს გაყალბებული არჩევნების შედეგებს და უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე.

2009 წლის გაზაფხულზე კონსერვატიული პარტიის მე-3 ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ზვიად ძიძიგური აირჩია, გენერალურ მდივნად - კახა კუკავა, ეროვნული კომიტეტის წევრებად: დავით ბაციკაძე, გიგა ბუკია, მერაბ კაჭახიძე, ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

2009 წლის აპრილ-მაისში გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივით ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო, კონსერვატიული პარტია საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და დამფუძნებელი გახლდათ. საპროტესტო ტალღას ხელისუფლების მხრიდან მანამდე უპრეცედენტო რეპრესიები მოყვა. 2009 წლის ივლისში წინააღმდეგობის აქცია დროებით შეწყდა.

კონსერვატიული პარტიის ძირითადი ხედვა ჩამოყალიბებულია 2007 წლის 17 ოქტომბრის საგურამოს მანიფესტში. ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლა, არჩეული თვითმმართველობის დაწესება, დამოუკიდებელი სასამართლო, საკუთრების და ინვესტიციების გარანტიების შემოღება, თავისუფალი მედია, ევროპული ინტეგრაცია და ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება - ეს კონსერვატიული პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია.

იმავდროულად, კონსერვატიული პარტიის ხედვა ნაწილობრივ განსხვავდება სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებისგან. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყნის ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება, განსაკუთრებით თანამედროვე კულტურული და ეკონომიკური ექსპანიოზმის ეპოქაში. კონსერვატორებისთვის ევროპული ინტეგრაცია, პირველ რიგში, ნიშნავს ქვეყნის დაბრუნებას ევროპის კულტურულ და ეკონომიკურ სივრცეში და არა საკუთარი კულტურული საზღვრების წაშლას და უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას.

2009 წლის სექტემბერში კონსერვატიული პარტია გამოვიდა ინიციატივით მოხდეს საქართველოს ჭრელი ოპოზიციური სპექტრის ინტეგრაცია შიდა არჩვენების (პრაიმერის) საფუძველზე, ჩამოყალიბდეს მჭიდრო ალიანსი, რომელსაც ეყოლება ერთიანი ლიდერი, აღმასრულებელი ორგანო და რეგიონული ქსელი, ექნება ერთი სტრატეგია და ტაქტიკა რაც უფრო წარმატებულს გახდის ბრძოლას სააკაშვილის დიქტატურის წინააღმდეგ.

ოპოზიციის ინგეტრაციის პირობებში კონსერვატორების უახლესი სამიზნე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გახდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემებით, სააკაშვილის მხარდაჭერა თბილისში 11% არ ამატება და მთელი ოპოზიციური სპექტრის ინტეგრაციის შემთხვევში ოპოზიციას შეუძლია ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწიოს „ზომიერი” გაყალბების შემთხვევაშიც კი.

იმავდროულად, აუცილებელია საარჩევნო გარემოს შეცვლა და ქვეყნის პოლიტიკური ტერორისგან გათავისუფლება. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ყველა მცდელობა ხელისუფლებასთან, რომ სადავო საკითხები მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილიყო, უშედეგო აღმოჩნდა, კონსერვატიული პარტია ემზადება ახალი საპროტესტო ტალღისთვის, რომელმაც უნდა აიძულოს სააკაშვილი განახორციელოს პოლიტიკური გარემოს თუნდაც ნაწილობრივი ლიბერალიზაცია.