ქართული English

პარტიის წესდება

დამტკიცებულია                                                                   რეგისტრირებულია

ცვლილებით                                                                           ცვლილებით

საქართველოს კონსერვატიული პარტიის                        საჯარო რეესტრის ეროვნული  
მე-6 რიგგარეშე ყრილობის მიერ                                        სააგენტოს 2016წლის 4 აპრილის
თებერვალი, 2016წ.                                                                N  81592  გადაწყვეტილებით                                                                                                  

 

საქართველოს კონსერვატიული პარტია

წესდება

ზოგადი დებულებანი

 

1.1. საქართველოს კონსერვატიული პარტია (შემდგომში პარტია) წარმოადგენს მოქალაქეთა ნებაყოფლობით პოლიტიკურ გაერთიანებას. პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად;

1.2. პარტიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შესახვევი კრწანისის II, N15-17 და მიმდებარე ტერიტორია, ტელ: (+995 32) 291 57 00.

 

პარტიის მიზნები

 

2.1. ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეალების დამკვიდრება, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება;

2.2. დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მმართველობაში, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის სრული თვითმმართველობა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა, ეროვნული უმცირესობის ჩართულობის უზრუნველყოფა;

2.3. კერძო საკუთრების დაცვა, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის კერძო ავტონომია;

2.4. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;

2.5. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში.

პარტიის სიმბოლიკა

 

3.1. პარტიის დროშაა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა – შინდისფერი მართკუთხედი, რომელსაც ტარის მხარეს, ზედა კუთხეში აქვს შავი (ზემოთ) და თეთრი (ქვემოთ) ზოლები;

3.2. პარტიის ემბლემა: თეთრ (შინდისფერ) ფონზე ცენტრში მოთავსებული შინდისფერი(თეთრი) ჯვარი და მისკენ მიმართული გრიფონი, ზედა და ქვედა მხარეს ჰორიზონტალური კანტებით;

3.3. პარტიის ჰიმნია, ,,ჩემო კარგო ქვეყანავ“, ილია ჭავჭავაძის ლექსის და რევაზ ლაღიძის მუსიკის მიხედვით;

3.4. პარტიას აქვს სატიტულო ფურცელი: A 4 ტიპის ფორმატის, მარცხენა მხარეს განთავსებულია პარტიის ემბლემა, მარჯვენა მხარეს პარტიის დასახელება, პარტიის იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 

პარტიის წევრი

 

4.1. პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას;

4.2. პარტიის წევრად მიღება ხდება მსურველი პირის, განცხადების საფუძველზე – პარტიის წევრობის შესაბამის მოწმობას გასცემს პარტიის თავმჯდომარე;

4.3. წევრები იხდიან პარტიის საწევრო შენატანს და შიდაპარტიულ არჩევნებში სარგებლობენ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით;

4.4. საწევრო შენატანის გადახდის წესსა და ოდენობას ადგენს ეროვნული კომიტეტი;

4.5. პარტიის წევრს უფლება აქვს:

4.5.1. წინადადებით მიმართოს პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებს და მონაწილეობა მიიღოს ამ წინადადების განხილვაში;

4.5.2. მიიღოს ინფორმაცია პარტიის საქმიანობის შესახებ;

4.6. პარტიის წევრი ვალდებულია:

4.6.1. დაიცვას პარტიის წესდება;

4.6.2. შეასრულოს პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები;

4.7. ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილია გარიცხოს პარტიის წევრი, თუ მისი მოქმედება ეწინააღმდეგება პარტიის წესდებას.

 

პარტიის ყრილობა

 

5.1. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4(ოთხი) წელიწადში ერთხელ მაინც;

5.2. პარტიის რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა:

5.2.1. პარტიის თავმჯდომრის გადაწყვეტილებით;

5.2.2. ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით;

5.2.3. პარტიის ყრილობის დელეგატთა 1/5-ის (ერთი მეხუთედის) წერილობითი მოთხოვნით;
5.3. პარტიის ყრილობის დელეგატების არჩევის წესსა და დელეგატთა ოდენობას

განსაზღვრავს ეროვნული კომიტეტი.

5.4. ყრილობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი;
5.5 ყრილობაზე გადაწყვეტილება მიიღება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თუ მას მხარს უჭერს ყრილობის დელეგატთა უმრავლესობა;
5.6 ყრილობა უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს წესდებაში დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.

 

პარტიის თავმჯდომარე

 

6.1. პარტიის ყრილობა ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს 4 (ოთხი) წლის ვადით;

6.2. პარტიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად წარმოადგენს პარტიას პოლიტიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებში (სარგებლობს პარტიის ზოგადი და სპეციალური წარმომადგენლობის უფლებამოსილებით);

6.3. ხელმძღვანელობს ეროვნული კომიტეტის სხდომებს;

6.3.1. უზრუნველყოფს ყრილობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

6.3.2. წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს პარტიის ყრილობას და ეროვნულ კომიტეტს.

6.3.3. მართავს პარტიის ფინანსურ სახსრებს, სხვა მატერიალურ ქონებას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე.

ეროვნული კომიტეტი:

 

7.1. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა ეროვნული კომიტეტი;

7.2. ეროვნული კომიტეტი შედგება პარტიის თავმჯდომარისა და არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან;

7.2.1. ეროვნულ კომიტეტში რეგიონალური ორგანიზაციები წარმოდგენილია თითო

წევრით;

7.2.2. ეროვნულ კომიტეტში ქალთა ორგანიზაცია წარმოდგენილია მინიმუმ 1 (ერთი)  წევრით;

7.2.3. ეროვნულ კომიტეტში ახალგაზრდული ორგანიზაცია წარმოდგენილია 1 (ერთი) წევრით;

7.3. ეროვნული კომიტეტის წევრებს ირჩევს ყრილობა 4 (ოთხი) წლის ვადით;

7.4. ეროვნული კომიტეტი ნიშნავს – აღმასრულებელ, პოლიტიკურ, საერთაშორისო, რეგიონალურ და ახალგაზრდულ საქმეთა მდივნებს;

7.5. ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით იქმნება ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები; ქალთა წარმომადგენლობა საარჩევნო სიის ყოველ ათეულში განისაზღვროს მინიმუმ 3 (სამი) კანდიდატით;

7.6. ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილია პარტიის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა ყრილობებს შორის პერიოდში, გარდა ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებისა;

7.7. ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ძალაშია, თუ მას მხარს უჭერს უბრალო უმრავლესობა.

 

სარევიზიო კომისია

 

8.1. პარტიის ყრილობა ირჩევს სარევიზიო კომისიას 3 (სამი) წევრის შემადგენლობით;

8.2. სარევიზიო კომისიის წევრებს წარადგენს პარტიის თავმჯდომარე;

8.3. სარევიზიო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს;

8.4. სარევიზიო კომისია:

8.4.1. ატარებს შიდა არჩევნებს;

8.4.2. ამოწმებს პარტიის და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობას;

8.4.3. წარმოუდგენს თავისი საქმიანობის შედეგებს ყრილობას და ეროვნულ კომიტეტს.

 

რეგიონული ორგანიზაცია

 

9.1. რეგიონული ორგანიზაციები იქმნება ქვეყნის სამხარეო დაყოფის შესაბამისად, ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით არანაკლებ 2 (ორი) რაიონული ორგანიზაციის მიერ. თბილისის რაიონული ორგანიზაციები ქმნიან საქალაქო ორგანიზაციას;

9.2. რეგიონული ორგანიზაციის საბჭო შედგება რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისაგან;

9.3. რეგიონული ორგანიზაციის საბჭო ირჩევს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს 2 (ორი) წლის ვადით;

9.4. რეგიონული ორგანიზაციის საბჭო წარუდგენს პარტიის ყრილობას ეროვნული კომიტეტის წევრობის კანდიდატს.

 

რაიონული (საქალაქო) ორგანიზაცია

 

10.1. პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციები იქმნება საარჩევნო ოლქების მიხედვით;

10.2. რაიონული ორგანიზაციის საერთო კრება შედგება რაიონული ორგანიზაციის წევრთაგან;

10.3. რაიონული ორგანიზაციის საერთო კრება ირჩევს ორგანიზაციის თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს 2 (ორი) წლის ვადით;

10.4. რაიონული ორგანიზაციის საბჭო შედგება თავმჯდომარისაგან და საარჩევნო ოლქის შესაბამისად არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან.

 

პარტიის ქონება

 

11.1. პარტიის ქონებას ქმნის:

11.1.1. საწევრო შენატანები;

11.1.2. შემოწირულობები;

11.1.3. კანონით დადგენილ შემთხვევებში − სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები; 11.1.4. ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები და ქონება.

11.2. პარტიის ქონებისა და სახსრების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საწესდებო მიზნების უზრუნველსაყოფად და მისი განკარგვა სხვა დანიშნულებით დაუშვებელია.

 

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

12.1. წინამდებარე წესდება ძალაშია კანონით გათვალისწინებულ ორგანოში ცვლილებების რეგისტრაციის მომენტიდან;

12.2. პარტიის წესდების მიღებისთანავე ძალადაკარგულად ითვლება საქართველოს კონსერვატიული პარტიის წესდება (2013 წლის 7 ივნისის რედაქციით).

 

 

 

პარტიის თავმჯდომარე            

ზვიად ძიძიგური