ქართული English
საქართველოს კონსერვატიული პარტია

საქართველოს კონსერვატიული პარტია

    პარტიას თავდაპირველად ერქვა “ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორები” და წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთობას. 2002 წელს კონსერვატორები გაერთიანდნენ ბლოკში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან.

ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. კონსერვატიული პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი,  არჩევნების გაყალბების გამო  ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იყვნენ ბლოკ ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” შემადგენლობაში და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. კონსერვატორებმა შეწყვიტეს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა იმავე წლის გაზაფხულზე. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორები მონაწილეობდნენ რესპუბლიკელებთან ერთად ბლოკით “დავითაშვილი – ხიდაშელი – ბერძენიშვილი”. ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 12% და გავიდა მეორე ადგილზე.

2007 წლის შემოდგომაზე კონსერვატიული პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად.

მიუხედავად არჩევნებში მიღებული ხმებისა, პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მანდატებზე. 2009 წლიდან პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე მიხეილ სააკაშვილის  გადადგომის მოთხოვნით.

პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. ბლოკმა თბილისში ხმათა 8,8%, ხოლო საქართველოს სხვა თვითმმართველ ერთეულში ხმათა 5,5% მიიღო.

2011 წელს კონსერვატიული პარტია გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. კოალიციამ არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

20120831043447bidzoo kartuli_otsneba_4132

 

 

 

 

 

 

საქართველოს კონსერვატიული პარტია პარლამენტში წარმოდგენილია 6 დეპუტატით: 2 მაჟორიტარი – ზვიად ძიძიგური (რუსთავი) , რეზო შავლოხაშვილი (წალკა)  და 4 პროპორციული სიით გასული დეპუტატით- გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, ბიძინა გუჯაბიძე, მერაბ კაჭახიძე.

პარტიას აგრეთვე პარლამენტში ჰყავს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორები” , რომლის თავმჯდომარეა გიგა ბუკია.