ქართული English
ვაჟა-ფშაველა : კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ვაჟა-ფშაველა : კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად.
მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო – მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? – არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება…

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე – საზრდოდ, ნანა – მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა.
ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, – ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? – იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, – სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ…

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი.
კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს.
ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.

ახუნდი
(ძველი ამბავი)
I
იყო ძველ დროში ახუნდი,
კაცი გათქმული ქველობით.
თვით მოლა იყო ეფენდი,
მეჩეთს მწირველი ხელობით,
და თავს იქებდა მუდამა
ქვრივთა და ობოლთ მცველობით.
თვის მრევლსაც მასვე ურჩევდა,
მეჩეთის ქანით ჰყვიროდა,
დავრდომილთ დახმარებაზე
რჩევასა არა ძვირობდა,
მის სიმართლეს და სიწმინდეს
მთელი ქვეყანა ჰკვირობდა.
დილით გამოვა ქუჩაზე
თავ-შებურვილი ჩალმითა,
ჩიტთა, ბუზთა და ჭინჭველთა
ეგებებოდა სალმითა.
ნელ-ნელა მოაბიჯებდა,
ძირს ჩაღუნულის თავითა.
თუ ვის ჩქარ-მავალს ჰნახავდა,
აივსებოდა ბრაზითა:
„ბრიყვნო, უღვთონო, ცოდვილნო! –
უკიჟინებდა გროვასა: –
თავ-აღებულნი რომ გარბით,
წინ დაიხედეთ ცოტასა;
აქ რომ ჭინჭველა მიცოცავს,
ფეხით რად სთელავთ იმასა?
ნეტავ სით დაემალებით
იმ სატანჯელსა ღვთისასა?!“
თითონ ფეხთ ეჟვნები ება,
იარებოდა დინჯადა,
რომ მწერთა ცოდვა და სისხლი
წმინდანს არ ეღო კისრადა.
II
მაგრამ რო შაბინდდებოდა,
მიიძინებდენ ყველანი,
უნდა გენახათ ახუნდი
და მისნი ქადაგებანი!
მოლის ტანსაცმელს იხდიდა,
ფარ-ხმალ-ზუჩშია ჯდებოდა,
სად დუქნებს სტეხდა, ხალხს სცრცვიდა,
სად სრა-სახლებში ძვრებოდა;
არც ქვრივ-ობოლთა ზოგავდა,
ვინ იცის, რასა შვრებოდა!..
ურიცხვი ჰქონდა ნადავლი,
მიტოლებული სარდაფსა…
დღე ისევ გამოდიოდა,
სცემდა სიწმინდის დაფ-დაფსა.
დაუნაშავართ იჭერდენ,
არჩობდენ, ჰჟლეტდენ ჯალათნი,
ვითომ იმათგან იცარცვის,
აკლებულია ქალაქი.
საწყლები ხატ-ღმერთს ჰფიცავდენ,
იხოშებოდენ ცრემლადა:
„არა გვაქვს დანაშაული“, –
ყველა იძახდა ერთ-ხმადა.
ახუნდზე ვინ რას იფიქრებს,
ცნობილა ქვეყნის ღმერთადა?!.
III
ერთხელ ყეინთან მოვიდა
მოხუცი ოხვრა-ტირილით
და შაევედრა მეფესა
ყელ-გადაგდებით, ჩივილით.
– საჩივარი მაქვს, ბატონო,
გთხოვ მომისმინო თხრობილი,
და ნუ შემრისხავ ამაზე,
რადგან მეფე ხარ ცნობილი.
– აბა რას სჩივი, მოჰყევი…
არ კი იყბედო მრუდია,
თორემ, ხომ იცი, რომ მაშინ
საქმე მოგივა ცუდია.
ამდენი ჯალათთა ჯარი
აქ იმიტომა ჰყუდია,
რომ ვინც ამაოდ გვაწუხებს,
იმას გულში ჰკრან შუბია! –
სთქვა მედიდურად ყეინმა…
ოქროს ჩიკაზე ჰყუნთია,
ყალიონს სწევდა, თან გვერდით
ედგა თუთუნით ყუთია.
– სიმართლეს გეტყვი, მეფეო,
ჩემის შვილების ლხენამა.
სიცრუე მეფის წინაშე
როგორ უნდა თქვას ენამა?
ოთხმოცი წლისა ვიქნები,
ვინ მნახა, ამის მეტადა,
თქვენთან საჩივრით მოსული
სიცრუის დასაყბედადა?
წუხელ ახუნდი დაგვეცა,
წმინდანად რომ ვთვლით თათრები,
ის იყო, ნამდვილად ისა,
სულ დაგვიბნია დავთრები!
რაც რამ მებადა წამართვა,
დამიწიოკა ბალღები.
საჩეჩელიც კი გამტაცა,
რითღა დავჩეჩო მატყლები?
თუ ეხლავ კვალზე მივყვებით, –
ვიპოვით, დაუმცდარია,
ჩემს საჩეჩელზე ნიშნადა
ძირის ფიცარზე მთვარეა.
მიშველე, თავს შემოგევლე,
მოვძებნოთ, შემიბრალია!
ყეინი ფრიად განრისხდა,
ვით მეფეთ წესი არია,
შემოუყვირა მსახურთა:
„ეს დედაკაცი მთვრალია!
თუ მთვრალი არა, უთუოდ,
ეტყობა, ჭკვაზე მცდარია.
ახუნდზე, ჰხედავთ რას ამბობს,
რაებსა სჩმახავს სულელი?!
ჩემის სამეფოს დიდების
ჩირქის მოცხების მსურველი.
მობრძანებულა ჩემთანა,
ჩემის გულისა ჭირადა,
ეს ჩემი შეურაცხყოფა
უნდა დაუსვა ძვირადა:
კუდზე მოაბით შავს ცხენსა,
ისე გაუშვით მინდვრადა,
რასაც დღეს ფიქრობს, ის ხვალე,
აღარ მოუვა ფიქრადა.
დაუნაშავრად მოხუცი
გახდა სანიშნე ფიცრადა“.
ჯალათთ რა ესმათ ბრძანება,
ასრულდა ნება მეფისა,
და გაიფანტა ველზედა
თმა და ძვალები ბებრისა.
IV
გავიდა ცოტა რამ ხანი,
ახლა სხვა ჩნდება მჩივანი,
ახუნდის ავაზაკობის
უფრო ხმა-მაღლა მყივანი.
შეწუხდა ფრიად ყეინი,
შეწუხდა მისი მდივანი.
ისიც ცხენს დააჩქლეთინეს,
ცხარე ცრემლების მცვივანი.
ოცი სხვა მოდის კიდევა
ახუნდ-წმინდანის გმობითა,
მიჰმართეს მეფის სრა-სახლსა
ვაით და ერთის ყოფითა.
კარის დარაჯთა ეს გროვა
ვერ შეიმაგრეს თოფითა.
შეჰვედრა გროვამ ყეინსა
დიდის სალმით და ჩოქითა:
„აი, დაგვხოცე მეფეო,
შენს ნებასა ვართ ყველაო,
ხოლო სიმართლის თქმისადა
რად გინდა ჩვენი გვემაო?
ჩვენ თვითაც ვკვირობთ, ახუნდი
ხალხში როგორა დგებოდა?!.
რას ვიფიქრებდით, თუ იგი
ყაჩაღი გამოდგებოდა!
ნათქვამს არ დავიჯერებდით,
რომ არ გვენახა თვალითა
თოფ-იარაღში ჩამჯდარი,
ხელში შიშველის ხმალითა.
გვართმევდა სარჩო-საბადსა
წმინდანი კაცი ძალითა.
განა არ გვიჭირს ამის თქმა,
განა არა გვწყინს რაც ვნახეთ?
როგორ დავმალოთ, არა ვსთქვათ,
როცა ვიცანით მის სახე?
მობძანდით, თქვენაც იხილეთ
სახლის ძირითა სართული, –
ვიცით, ახუნდი იქ არის
სიმდიდრის თვლაში გართული“.
მაშინ წამოდგა ჰუსეინ
ვაზირი, კაცი ჭკვიანი,
და მოახსენა მეფესა
სიტყვა წყნარი და ფხიანი:
– „ჩვენო მზეო და მთვარეო,
მფარველო თათრის ერისა,
მეფეთ-მეფეო ძლიერო,
რისხვის მიმცემო მტერისა!
გთხოვ, მოისმინოთ ნათქვამი
თქვენისა მიწა-მტვერისა.
ეს ამოდენა დუნია
რომ აღარ იშლის, ჰყვირისა,
უნდა წამალი ვეძიოთ
ამ საქმის გასაჭირისა,
წმინდანს რა დაუშავდება –
სახლი გავჩხრიკოთ იმისა?“
ყეინმა „ბალი“ დაუკრა,
გროვაც აღარა სტირისა.
V
შებინდდა. მოლა ახუნდიმ
სხვა ტანსაცმელი ჩაიცვა:
ტანზე აისხა აბჯარი,
პირზე ნახშირი წაისვა.
მას ზნედა სჭირდა ერთი რამ:
ვიდრე სადავლოდ გასწევდა,
ინახულებდა სალაროს,
ნივთებს სწმენდდა და არხევდა,
ზოგს აკოცებდა, სხვას ჰზომდა,
ზოგს ორის ხელით ასწევდა.
ეხლაც სარდაფში ჩავიდა,
მიავლ-მოავლო თვალია,
სად ოქრო-ვერცხლი ელაგა,
კალა, სპილენძი, რვალია,
თავ-თავისთვის აქვსთ საწყობი,
შუაზე გასავალია,
თვალ-მარგალიტი მრავალი,
არ დაეტოვა ძვალია,
რაც კი მოეგდო ხელადა,
ყველა აქ მოუტანია.
ნივთები უკლებლად ნახა:
შეხტა, შეროკდა წმინდანი,
ნავარდობს თავბრუ-დასხმული,
როგორც ქადაგი მისანი.
რატომაც არ იტლინკებდა? –
ასრულდა მისი მიზანი:
ხალხში წმინდანად ითვლება
კარგი სიტყვით და რჩევითა,
სიმდიდრეც შეუძენია
ავაზაკურის ქცევითა.
როცა ამ ყოფაში იყო,
ბუქნას უვლიდა ახუნდი,
თავზე დაესხა ხალხისა
აურაცხველი მას გუნდი.
იქვე მობრძანდა ყეინიც
თავის წოპ-წოპა ქუდითა,
მისნი მხლებელნი ვეზირნი –
ფარებითა და შუბითა.
გგონიათ შეკრთა ახუნდი
და მტერს დაუხვდა ჩხუბითა?
თუმცა გაიგო ამბავი,
არ შეიცვალა ფერია:
იმედობს, კვლავ მოატყუოს
ბნელით მოცული ერია.
– მობძანდით, მეფევ, მობძანდით,
თქვენი დანახვა მწყურია,
აი, სადამდის მიაღწევს
ხალხის მტრობა და შურია,
ჩემთვის სიწმინდე შეჰშურდათ,
მეც კი მომაცხეს მურია!
– როგორ? რა შური, მოლაო?! –
სთქვა შუბლ-შეკრულმა ყეინმა,
ყურები ააცქვეტინა
ყველას ახალმა სეირმა.
– ისა, რომ ჩემი სარდაფი
ქურდებს დაუდვავთ ბინადა,
საცა რამ მოუპარიათ
და რაც რგებიათ წილადა,
ყველა აქ მოუზიდნიათ,
აქ დაუდვიათ წყობითა,
რომ ვიქმნე შეჩვენებული
ხალხის წყევით და გმობითა.
ვინა ქმნა ასეთი საქმე,
ნეტა ვიცნობდე ცნობითა?!
– მაშ, შენ არა ხარ ჩამდენი
ამ ბოროტების, მელაო?
მაშ ეგ საცმელი რა არის,
აბჯარი მაგოტელაო?!
ან სახე ნახშირიანი,
ავაზაკური ოინი?
„ავაზაკია, ეგ არის!“ –
აყვირდა ხალხის ბოინი.
– სსუთ! დამაცადეთ, – სთქვა მოლამ, –
ნუ კი აჰყვირდით ყველაო,
აბჯარი მიტომ ავისხი,
მინდა საწყლების შველაო,
ყარაულობა მეწადა
აქვე სარდაფში ფარულად.
როს მოვიდოდენ ქურდები,
ნივთებს ჰზიდავდენ მალულად,
სულ გამეჟლიტა წყეულნი,
მინდოდა, ხალხის მძარცველნი,
მიტომ ჩავიცვი ტანთ ასე,
იარაღიც მაქვს ამდენი.
– ვის უნდა უყარაულო?!
თითონ შენა ხარ მელაო,
კიდევ გვატყუებს, არ შეჰრცხვა, –
ერთხმად იძახდა ყველაო.
გასინჯეს მელას სალარო,
სცნეს დანაკარგი თვისია,
აქ იყო ვინც რა დაკარგა
ნივთი ვერცხლის თუ რქისია.
– მაშ შენ არა ხარ? – სთქვა მეფემ,
სახე მიიღო მქისია, –
ტყუილად ცილი დაგწამეს,
ჩანადინარი სხვისია?
– სწორედ ეგრეა, რას ბრძანებთ,
მაჰმადსა ვფიცავ, სწორია,
თუ რამ გსმენიათ ჩემზედა –
ცილის-წამება, ჭორია.
აბორგვნდა გროვა ფრიადა,
ზღვა არის, სწორედ, მღელვარე,
სახით საკირედ ქცეული,
ალის და მურის მგზნებარე.
აღარც ვეზირებს უსმინეს,
ბევრი არცა-რა ყეინსა,
დაესხნენ ერთად ახუნდის,
რას დააყრიდნენ ხეირსა?..
ზოგმა ფეხები დასტაცა,
ზოგი მიათრევს წვერითა,
სხვა მუშტებსა სცემს თავშია,
ვით გრდემლს მჭედელი კვერითა.
ბევრი ამუქრა გროვასა
ახუნდიმ მაჰმად, ალია.
მაინც ვერ გახდა ვერაფერს,
მტრის ხელში სული დალია.
VI
მაშინ წამოდგა ჰუსეინ,
ნაზირ-ვეზირთა თვალია,
დაიწყო ოხვრა-ვიშითა,
კარგის თქმა ჭკვიანთ ვალია.
– „ეჰ, მორჩა თათრების საქმე,
მდინარემ წყალმა დალია,
ჩვენ მის ქურდობას ნუ ვიტყვით,
სხვა საქმე მოხდა დიდია:
მან ერის გულიც გაცარცვა,
ჭკვას ჩაუტეხა ხიდია.
ვინაც მოიგებს ერის გულს,
მომავალზედა ჰკიდია.
ახუნდი დიდხანს ჩვენს ერსა
გზას დაუბნელებს სავალსა,
ფურთხს და ლაფს მიაყრევინებს
ჭეშმარიტთ წმინდანთ ნავალსა.
კარგა ხანს უნდა დამუნჯდეს
მართალთა კაცთა ენაო,
რა უკუ-აგდებს მათ ნათქვამს
ერის დამდგარი სმენაო“.
მართლაც და ვინც კი გამოჩნდა
მქადაგებელი რჯულისა,
ნამდვილი ხალხის ერთგული,
მექონე წრფელის გულისა,
მავრცელებელი ერშია
აზრთა სხვადასხვა ჯურისა,
მან ხალხში დაიმსახურა
მხოლოდ სახელი თულისა!
„ახუნდიც გვყავდა, რომ დღისით
ჭიასაც არა სჭყლეტავდა,
ღამით ქვეყანას აგდებდა
და მთელს დუნიას ჟლეტავდა!“

1898 წ.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*