ქართული English
ნოდარ დუმბაძე: სამშობლო ნაფიქრალი (ამონარიდები)

ნოდარ დუმბაძე: სამშობლო ნაფიქრალი (ამონარიდები)

სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისევე, როგორც დედას, და დედასავით მარადიულია. გამოდის, რომ სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თავად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია.

მაინც რა არის სამშობლო?
იქნებ რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა! მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა? ან იქნებ აკაკის განთიადია სამშობლო? ან ვაჟას სიმღერაა – სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება! ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი არის, დემეტრე მეფის შენ ხარ ვენახია, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და ვეფხისტყაოსანია… იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვარდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.

რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.
კიდევ რა არის სამშობლო?

თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.
კიდევ?

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*