ქართული English
სულხან-საბა ორბელიანი: სამეფონი ქცევანი

სულხან-საბა ორბელიანი: სამეფონი ქცევანი

მეფეთგან სამნი უყვარან ღმერთსა: სიმშვიდე, სიმდაბლე და სულგრძელობა.
მეფეთგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა.
მეფეთგან სამს ინატრიან ქვეყანანი:ზავთსა მართებულსა, სიმართლესა უზაკველსა და სიუხვესა მოუკლებელსა.
მეფეთაგან სამს იქენებებ დიდებულნი: სიტკბოსა წესიერსა, ნადიმსა ამოსა და ჭირში – ჭირსა და ლხინში – ლხინსა.
მეფეთაგან სამს ნდომობენ მხედარნი: ცხენსა მალსა, საჭურველსა მაგარსა და დანახვასა ნამსახურისასა.
მეფეთაგან სამს იღწვიან გლახაკნი: კარსა ღიასა, თხოვისა ბოძებასა და სიხარულით წარვლენასა.
მეფეთაგან სამს ითხოვენ მონანი: სავსესა ტაბლასა, ჯამაგირთა მოუკლებლობასა და მალე შეუბეზღებლობასა.
მეფეთაგან სამს ინდომებენ ვაზირნი: ყურის მიპყრობასა, სიტყვის გაგონებასა და რჩევის დაჯერებასა.
მეფეთაგან სამს ინებებენ მოჩივარნი: საჩივრის სმენასა, აუჩქარებლობასა და დაუფერებლობასა.
მეფეთაგან სამს ინატრებენ ვაჭარნი:თვალთა და ლალთა ცნობასა, ღირებულების მიცემასა და უფასურად ვაჭრობასა.
მეფეთაგან სამს ივედრებიან მოგზაურნი: მეკობრეთაგან მორჩენასა, ზვერის აღებასა, ფუნდუკთა უშუღართა დგომასა.
მეფეთაგან სამს იხვეწებიან შესმენილნი: მობეზღრისა წაყენებასა, ურისხველად ბრძანებასა და მართლებასა თავისასა.
მეფეთაგან სამს ითხოვენ პატიმარნი: შეცოდებისა შენდობასა, რისხვის წყალობად შეცვლასა და ხილვასა პირისა მისისასა.
ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! რომელმან ჰყოს, იგი და ქვეყანა მისი დაემყაროს.

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*