ქართული English
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ქვეყნის მშპ-ზე მიბმა არასწორია და მსგავსი წესი არსად არის

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ქვეყნის მშპ-ზე მიბმა არასწორია და მსგავსი წესი არსად არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სამინისტროების, ასევე ტელევიზიის დაფინანსების წესი ერთნაირი უნდა იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში ვარ, გეტყვით, რომ ეს წესი გამოიწვევს ტელევიზიის მიბმას მთავრობაზე და მასზე დამოკიდებულებას. თუ ჩვენ ნამდვილი და თავისუფალი საზოგადოებრივი ტელევიზია გვინდა, ეს კანონპროექტი ამ მიზანს ხელს ვერ შეუწყობს. რაც შეეხება 0,14 პროცენტს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა გადაერიცხოს, რაც მისი დამოუკიდებლობის გარანტია. მას არ უნდა სჭირდებოდეს თხოვნა ფინანსთა სამინისტროსთვის და თანხა ავტომატურად უნდა მიდიოდეს ორგანიზაციაში”, – განაცხადა კვიჟინაძემ.

​მისივე თქმით, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ქვეყნის მშპ-ზე მიბმა არასწორია და მსგავსი წესი არსად  არის.

„ქვეყნის მშპ საკმაოდ სწრაფად იზრდება და ჩემი გათვლებით, თუ ზრდა ასე გაგრძელდება, შეიძლება 2024 წელს 100 მლნ ლარს გასცდეს. რაღაც ცვლილება უნდა მოხდეს, მაგრამ ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს რთული პერიოდი უდგას, გადაიარაღება სჭირდება და ამისთვის ფულია აუცილებელი.  მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ, ალბათ, გადასახედი იქნება ასეთი დაფინანსება. უნდა მოვიფიქროთ ის, რაც არის მიღებული სხვა ქვეყნებში. ერთი მხრივ, დაფინანსება არ უნდა იყოს მიბმული მთავრობაზე და დამოუკიდებელი დაფინანსება უნდა გააჩნდეს,  მეორე მხრივ, უსაზღვროდ დიდი თანხა არ უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა კვიჟინაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებას ეხება.

რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტით.

წყარო: reportiori.ge

კომენტარის დატოვება

არ დატოვთ სავალდებულო ველები შეუვსებელი *

*